საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ სოციალურ ქსელში პარლამენტში უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროცესს არალეგიტიმურად აფასებს. „ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე აშკარად და ცალსახად ადასტურებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის მთელი პროცესი არის ფარსი. მოძრაობა „ლელომ“ ეს პროცესი საკომიტეტო მოსმენების დაწყებისთანავე შეაფასა არალეგიტიმურად.
რაკი გასაუბრებები ღიად მიმდინარეობს (იუსტიციის საბჭოშიც და პარლამენტშიც), ხელისუფლება თავს იწონებს პროცესის „უპრეცედენტო გამჭვირვალობით“. ეს ცინიზმია, რადგან ნათელია, რომ პროცესის გამჭვირვალობა არ ემსახურება კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებით, ღირსეული და თავისუფალი პროფესიონალების შერჩევას. ამის ნაცვლად, ჩვენ ყველანი, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოს მიტაცების პროცესს.
ფარსის პიკი იყო მოქმედი გენერალური პროკურორის გასაუბრება დღეს კომიტეტზე. მისი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას. კრიტიკას ვერ უძლებს მისი საქმიანობა გენერალურ პროკურატურაში: თადუმაძის პერიოდშიც გაგრძელდა პროკურატურის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენების მანკიერი პრაქტიკა, არც ერთი გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშნველობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ მისულა კონკრეტულ და ლოგიკურ შედეგებამდე, სამაგიეროდ - დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, შეწყდა ხელისუფლებისთვის მეტად არასასურველი არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიება. სწორედ მისი პროკურორობის პირობებში სამარცხვინოდ და მიკერძოებულად მიმდინარეობს 20 ივნისის საქმის გამოძიება, ხოლო საქმის მთავარი ფიგურანტი - გიორგი გახარია, ნაცვლად იმისა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყოს მიცემული, დაწინაურებულია და პრემიერის პოზიიცას იკავებს.
ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ხაზი ყველაფრის ფასად მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული მიზნების და არა სახელმწიფოებრივი ხედვის განხორციელებაა.
მიმდინარე პროცესი შეურაცხყოფაა, როგორც მთელი საზოგადოების, ისე იურიდიული წრეების, სტუდენტების - მომავალი იურისტების, რომლებიც თავდაუზოგავად იხარჯებიან იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაიკავონ პროფესიაში.
ნორმალურ სახელმწიფოში, როგორც დიპლომის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ასევე სხვა ზემოაღნიშნულ საკითხებზე, დაიწყებოდა გამოძიება, თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში, ამაზე ფიქრიც კი ილუზიაა. 2020 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს უმსგავსობაც შეიცვლება!", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სიის წევრებს უსმენენ.
#2020
#ესდასრულდება
#ესშეიცვლება